რუსულმა არაოფიციალურმა, თუმცა კრემლის მიერ კონტროლირებადმა სამხედრო კომპანია "ვაგნერმა" შესაძლოა, საჰაერო თავდაცვის სისტემა Pantsir-S1 რადიკალურ ლიბანურ დაჯგუფებას "ჰეზბოლას" გადასცეს. ამის შესახებ The Wall Street Journal ამერიკელ ოფიციალურ პირებსა და აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით იტყობინება.
საუბარია სისტემაზე, რომელიც იყენებს საზენიტო რაკეტებს და საჰაერო თავდაცვის ქვემეხებს თვითმფრინავების გასანეიტრალებლად.
გამოცემის ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, ვაშინგტონს ჯერ არ დაუფიქსირებია სისტემის გაგზავნა, მაგრამ აგრძელებს თვალის მიდევნებას დისკუსიებისთვის, რომელშიც "ვაგნერი" და "ჰეზბოლა" მონაწილეობენ. ცოტა ხნის წინ შეერთებულმა შტატებმა ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდი გაგზავნა, რათა ლიბანური ჯგუფები ღაზას სექტორში პალესტინელების რადიკალური მოძრაობა "ჰამასის" წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ფონზე, ისრაელის წინააღმდეგ ჩრდილოეთ ფრონტის გახსნისგან შეაკავოს.
"ვაგნერი" და "ჰეზბოლა" მოქმედებენ და იბრძვიან სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მხარეს. დამასკოს მიერ კონტროლირებადი არმია შეიარაღებულია Pantsir-S1-ით.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტერორისტულად აღიარებული ლიბანური შიიტური სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია "ჰეზბოლა" 1982 წელს ირანის მხარდაჭერით დაარსდა. ჯგუფის შეიარაღებული ფორმირებები რაოდენობრივად, იარაღითა და საბრძოლო გამოცდილებით აღემატება ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთი ქვეყნის ჯარებს.