რუსეთი ცდილობს, პაკისტანში, ეგვიპტეში, ბელარუსსა და ბრაზილიაში ექსპორტირებული იარაღი დაიბრუნოს. ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით.
WSJ-ს სამმა წყარომ განუცხადა, რომ აპრილში რუსი ოფიციალური პირების დელეგაციამ ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისის რუსული შვეულმფრენების ასზე მეტი ძრავის დაბრუნება სთხოვა, რომლებიც მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის სჭირდებოდა.
წყაროების ცნობით, სისი დათანხმდა და დაახლოებით 150 ძრავის რუსეთისთვის მიწოდება, სავარაუდოდ, მომავალ თვეში დაიწყება.
"მოლაპარაკებები იყო რუსეთის ძალისხმევის ნაწილი, ძველი კლიენტებისგან მიეღო დახმარება, რომლებიც ათწლეულებია რუსულ თვითმფრინავებს, რაკეტებს და საჰაერო თავდაცვის სისტემებს ყიდულობენ, რაც მოსკოვს იარაღის სიდიდით მეორე ექსპორტიორად აქცევს მსოფლიოში.
რუსეთი ერთი წელია აწარმოებს მოლაპარაკებებს პაკისტანის, ბელორუსის და ბრაზილიის ოფიციალურ პირებთან, რათა შეიძინოს ძრავები რუსული შემტევი და სატრანსპორტო ვერტმფრენებისთვის, რომლებიც მისმა ძალებმა ომის დასაწყისში დაკარგეს." - წერს გამოცემა.
ამის შესახებ გამოცემას ორმა წყარომ, მათ შორის რუსეთის დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა განუცხადა. წყაროს ცნობით, რუსეთი ახლა ფარულად ცდილობს უკან დაიბრუნოს ის, რაც ადრე თავის "კლიენტებს" მიჰყიდა.
გარდა ამისა, ომის გამო, რუსეთმა თავისი მოგებიანი იარაღის ექსპორტის "ბიზნესის" ნაწილი გაწირა. კერძოდ, როგორც გამოცემის თანამოსაუბრეები აღნიშნავენ, ახლა უკრაინაში ფრონტის ხაზზე იგზავნება ინდოეთისა და სომხეთისთვის განკუთვნილი იარაღი.