მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ონკოლოგიური კვლევების საერთაშორისო სააგენტოს (IARC) პროგნოზის თანახმად, სიმსივნით დაავადებულთა რაოდენობამ შესაძლოა, 2050 წლისთვის 35 მილიონს გადააჭარბოს.
ეს რიცხვი 2022 წლის მაჩვენებელს, დაახლოებით 20 მილიონს, 77%-ით აღემატება. ზრდის მსგავსი მოსალოდნელი ტენდენციის მიზეზად სპეციალისტები თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებას, ჰაერის დაბინძურებასა და სიმსუქნეს ასახელებენ.
"სიმსივნის შემთხვევების სწრაფად აღმავალი რაოდენობა პოპულაციის ხანდაზმულობასა და ზრდას ასახავს, ასევე იმ რისკფაქტორებთან შემხებლობის ცვლილებას, რომელთა ნაწილიც სოციოეკონომიკურ განვითარებასთანაა კავშირში.
სიმსივნის მომატებული შემთხვევების მთავარი მიზეზი თამბაქო, ალკოჰოლი და სიმსუქნეა, ჰაერის დაბინძურება კი გარემოსთან ასოცირებულ უპირველეს რისკფაქტორად რჩება", — ვკითხულობთ IARC-ის განცხადებაში.
ამ პროგნოზის მიხედვით, ონკოლოგიური პაციენტების რიცხვის უდიდესი ზრდა ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში დაფიქსირდება. მსგავს სახელმწიფოებში, 2022 წელთან შედარებით, 2050 წლისთვის 4.8 მილიონი ახალი შემთხვევაა მოსალოდნელი.
ამის მიუხედავად, ყველაზე დიდი პროცენტული სხვაობა, სავარაუდოდ, ადამიანის განვითარების ინდექსის მხრივ ბოლო ადგილებზე მყოფ ქვეყნებში გამოვლინდება. კერძოდ, იქ დაავადებულთა რაოდენობის 142%-მდე მატებაა მოსალოდნელი, საშუალო ინდექსის მქონე სახელმწიფოებში კი — 99%-მდე.
"ამ ქვეყნებში 2050 წლისთვის სიმსივნით სიკვდილიანობა შესაძლოა, თითქმის გაორმაგდეს, რისი გავლენაც ადამიანის განვითარების ინდექსის სხვადასხვა დონეზე მყოფ სახელმწიფოებში თანაბარი არ იქნება.
მთავარ დარტყმას სიმსივნესთან გასამკლავებლად საჭირო ყველაზე მცირე რესურსის მქონე ქვეყნები მიიღებს", — ამბობენ სააგენტოში.