სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს პირველი, მცირე საგრანტო კონკურსი დასრულდა, საბჭომ იმსჯელა და გასცა მილიონ 700 ათასამდე ლარი და 17-მა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოიპოვა ეს დაფინანსება, – ამის შესახებ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, თამარ ზოდელავამ განაცხადა.

როგორც თამარ ზოდელავამ აღნიშნა, დაფინანსებული ორგანიზაციები უახლოეს მომავალში განახორციელებენ იმ სამოქალაქო ინიციატივას, რის გამოც მიიღეს თანხა.

„გრანტის მიღება შეუძლია არაკომერციულ არასამეწარმეო იურიდიულ პირს. ის უნდა იყოს რეგისტრირებული და მოქმედი საქართველოში. 2025 წლის ბიუჯეტით, სახელმწიფო გრანტისთვის არის გამოყოფილი 20 მილიონ ლარამდე. სააგენტო შეიქმნა აპრილში და კონკურსი გამოვაცხადეთ მიმდინარე წლის ივლისში. ჩვენი მთავარი მიზანი და პრინციპი არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რადგან საუბარია სახელმწიფო ბიუჯეტზე“, – განაცხადა თამარ ზოდელავამ.

მისივე თქმით, გაცემული გრანტების მაკონტროლებელია თავად სააგენტო, ასევე დარგობრივი სამინისტროები და სხვადასხვა უწყებები, რომლებიც თემატურად იქნებიან ჩართული ამ პროექტების განხორციელებაში.

„მცირე საგრანტო პროექტები დაიწყება ახლა და თითოეულ მათგანს დაახლოებით 4-დან 12 თვემდე განხორციელების პერიოდი აქვს“, – განაცხადა თამარ ზოდელავამ.