ვაქცინაციის ნაკლებობის გამო, მსოფლიო მასშტაბით წითელათი ავადობა და სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად იზრდება.
2022 წლის ბოლოს, წითელას ვაქცინაციის მოცვის მრავალწლიანი შემცირების შემდეგ, ამ ვირუსული დაავადების შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა 18%-ით, ხოლო ინფექციით დაღუპულთა რაოდენობა – 43%-ით (2021 წელთან შედარებით). ამის შესახებ ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ახალ ერთობლივ ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ხუთშაბათს, 16 ნოემბერს.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა უმეტესობა ბავშვებია.
როგორც ანგარიშის ავტორებმა გამოთვალეს, დაავადების ფართომასშტაბიანი გავრცელება 2022 წელს 37 ქვეყანაში დაფიქსირდა, წინა წლის 22–იდან შედარებით.
„წითელას ეპიდემიების და სიკვდილიანობის ზრდა შემაძრწუნებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, მოულოდნელი არ არის ვაქცინაციის მაჩვენებლის შემცირების გათვალისწინებით, რაც ბოლო წლებში ვნახეთ“, - თქვა ჯონ ვერტეფეიმ, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის გლობალური იმუნიზაციის ოფისის დირექტორმა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – 66% ფიქსირდება დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, სადაც წითელას სიკვდილის რისკი ყველაზე მაღალია. 22 მილიონი ბავშვიდან ნახევარზე მეტი, რომლებმაც გამოტოვეს ასეთი ვაქცინის პირველ დოზა 2022 წელს, ცხოვრობს 10 ქვეყანაში: ანგოლაში, ბრაზილიაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ეთიოპიაში, ინდოეთში, ინდონეზიაში, მადაგასკარში, ნიგერიაში, პაკისტანსა და ფილიპინებში.
„CDC და WHO მოუწოდებენ ქვეყნებს, გამოავლინონ არავაქცინირებული ბავშვები და აცრან ისინი წითელას და სხვა ვაქცინით კონტროლირებადი დაავადებების წინააღმდეგ“, - ნათქვამია ერთობლივ ანგარიშში.
ორგანიზაციები რეკომენდაციას უწევენ დაინტერესებულ მხარეებს მთელს მსოფლიოში, გაუზიარონ ვაქცინაცია ყველაზე დაუცველ მოსახლეობას.