უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მანილაში ფილიპინების პრეზიდენტს, ფერდინანდ მარკოს უმცროსს შეხვდა.

ზელენსკიმ ფილიპინების პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და „მკაფიო პოზიციისთვის“ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიებზე შეჭრასთან დაკავშირებით.

„გმადლობთ ამ მოწვევისთვის. ძალიან მადლობელი ვართ, რომ ვიმყოფებით თქვენს ქვეყანაში, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – განუცხადა ზელენსკიმ მარკოსს.

ზელენსკის თქმით, უკრაინა წელს მანილაში საელჩოს გახსნის. უკრაინის პრეზიდენტი იუწყება, რომ მარკოსთან განიხილა „სამშვიდობო სამიტი“, რომელიც უკრაინის ინიციატივით 15-16 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება და რომელშიც ფილიპინები 100-მდე სხვა ქვეყანასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.

გარდა ამისა, ლიდერებმა ისაუბრეს ორმხრივ თანამშრომლობაზე, კერძოდ, უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფილიპინებში ექსპორტზე.