უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმრი ზელენსკიმ განაცხადა, რომ შვეიცარიაში 15 ივნისს დაგეგმილ სამშვიდობო სამიტში  მონაწილეობას დადასტურებულად მსოფლიოს 106 ქვეყანა მიიღებს.

თუმცა მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს ხელი შეუშალოს ამ სამიტის გამართვას. ზელენსკიმ ამის შესახებ სინგაპურში აზიის თავდაცვის სამიტის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს დასტური მსოფლიოს 106 ქვეყნიდან და ეს არის მაღალ დონეზე: ლიდერების დონეზე, მათი ქვეყნების წარმომადგენლების მაღალ დონეზე.

რუსეთი დღეს სხვა ქვეყნებს ემუქრება სურსათის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ან ქიმიკატების ბლოკირებით, ენერგეტიკაზე ფასებით, ან უბრალოდ ზეწოლას ახდენს მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებზე, რათა ისინი არ დაესწრონ სამიტს", - თქვა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, აქვთ ცუდი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზოგიერთმა სახელმწიფო ეხმარება რუსეთის სამშვიდობო სამიტის ჩაშლაში.

„და ამიტომ, როცა მეკითხებით, რა შეუძლია გააკეთოს მსოფლიომ -  მსოფლიო უნდა იყოს ძლიერი, მოახდინოს პოლიტიკური ზეწოლა რუსეთზე, შეუძლებელია პუტინის შეჩერება სხვა გზით“, განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, მან შეადარა შეერთებული შტატებისა და ჩინეთის პოზიციები სამშვიდობო სამიტზე და აღნიშნა, რომ ჩინეთი ამ სამიტის ჩაშლაზე მუშაობს.

„შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა თავისი მაღალი დონის მონაწილეობა. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ პრეზიდენტი იქნება. რაც შეეხება ჩინეთს, მათ არცერთ დონეზე არ დაუდასტურებიათ დასწრება.

და შეერთებულ შტატებს აქვს კონტაქტები ზოგიერთ სახელმწიფოსთან და მოუწოდებს მათ მონაწილეობა მიიღონ სამშვიდობო სამიტში.

ჩინეთი, სამწუხაროდ, პირიქით - ის მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყნები არ მოვიდნენ სამშვიდობო სამიტზე.

ამ ორ პოზიციას შორის დიდი განსხვავებაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.