ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი" ავრცელებს.

უკრაინისთვის გათვალისწინებული ევროკავშირის 35 მილიარდი ევროს ოდენობით  სესხის ბედი გაურკვეველი რჩება მას შემდეგ, რაც უნგრეთმა განაცხადა, რომ არ დაუჭერს მხარს სანქციების აუცილებელ ცვლილებებს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებამდე.

ევროკომისიის მიერ შეთავაზებული გეგმა ევროკავშირის ბიუჯეტზე დამატებით ტვირთის დაწოლის გარეშე, რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებულ ზემოგებიდან სესხის თანდათანობით გაცემას და იმისდა მიხედვით ითვალისწინებდა, თუ რა თანხებს გამოყოფდნენ მოკავშირეები დიდი შვიდეულის ქვეყნებიდან (წინასწარი გეგმის თანახმად, აშშ, კანადა და იაპონია 10 მილიარდ დოლარზე მეტს გაიღებს და სულ სესხის ოდენობა 50 მილიარდი სოლარი იქნება - „აიპრესი") . 
 
შეერთებულმა შტატებმა, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის სანქციები უნდა განახლდეს ერთხმად ყოველ ექვს თვეში ერთხელ, გამოთქვა შეშფოთება გეგმის გრძელვადიან მდგრადობასთან დაკავშირებით, ხოლო ბრიუსელმა აშშ-ს შეშფოთების შესამსუბუქებლად აქტივების გაყინვის ვადის  6-დან 36 თვემდე გახანგრძლივება შესთავაზა, თუმცა ეს წინადადება მიუღებელი აღმოჩნდა უნგრეთისთვის.  

„ჩვენ გვჯერა, რომ გადაწყვეტილება ამ საკითხზე - რუსეთზე სანქციების გახანგრძლივება - უნდა მივიღოთ ამერიკის არჩევნების შემდეგ. ასეთი იყო უნგრეთის პოზიცია", - განუცხადა ჟურნალისტებს უნგრეთის ფინანსთა მინისტრმა მიჰალი ვარგამ ლუქსემბურგში მინისტრთა შეხვედრის შემდეგ.  

უნგრეთის მთავრობის განცხადებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი შესაძლოა გადამწყვეტი იყოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მომავლისთვის. ვარგას თქმით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხისადმი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების, კამალა ჰარისის და დონალდ ტრამპის, მიდგომები განსხვავებულია.  

აღსანიშნავია, რომ დღეს, ბრიუსელში, ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პრესკონფერენციაზე დაუფარავად განაცხადა, რომ იგი დონალდ ტრამპის გამარჯვების მოლოდინშია. 

„ჩვენ გავხსნით შამპანურს", თუ ტრამპი დაბრუნდება. ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ვთქვათ: თუ ტრამპი გახდება პრეზიდენტი, ის ინაუგურაციას კი არ დაელოდება, არამედ დაუყოვნებლივ დაკავდება უკრაინა-რუსეთის ომით.  ევროკავშირის ლიდერებს ასევე მოუწევთ გათვალისწინება იმ ფაქტის, რომ არ იქნება გარდამავალი პერიოდი ორიდან სამ თვემდე, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა პრესკონფერენციაზე, რომლის ჩაშლასაც დასაწყისში მასთან ოპოზიციაში მყოფი „დემოკრატიული კოალიციის" წარმომადგენელი შეეცადა. მარტონ გეკიჩკი დარბაზში შეიჭრა და ყვიროდა, რომ ორბანმა ქვეყანა პუტინს და სი ძინპინს მიჰყიდა.