არჩილ ჩიქოვანი სამუშაო ვიზიტით თურქეთის ქალაქ იღდირში იმყოფებოდა, სადაც კომპანია „აველიჯე მაქინე სანაი ვე თიჯარეთის” მიერ წარმოებული ლიფტები დაათვალიერა და ტექნიკური დეტალების შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიიღო.
ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, 2025 წლის 10 დეკემბრამდე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლიფტები ჯამში 98 მისამართზე მოეწყობა.
ლიფტების ჩანაცვლების პროგრამა მოსახლეობის თანადაფინანსებით ხორციელდება. ღირებულების 1% -ს საბინაო ამხანაგობა ფარავს, დანარჩენი 99% ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სამუშაოების დასრულების შედეგად ახალი ლიფტები 2700-ამდე ოჯახს მოემსახურება.
სამუშაოების ღირებულება 7 მილიონ 622 ათას ლარს აღემატება.
არჩილ ჩიქოვანი: „დავათვალიერეთ საწარმო, რომელიც ბათუმისთვის ლიფტებს ამზადებს. ბათუმის მერიის მიერ ხორციელდება ძველი ლიფტების აქტიური ჩანაცვლების პროცესი, რომლის ფარგლებშიც, მიმდინარე წელს, სხვადასხვა მისამართზე 25 ლიფტი შეიცვლება. საერთო ჯამში, პროექტი მოიცავს 98 ლიფტის ჩანაცვლებას.
კომპანიას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ლიფტების მწარმოებელ ინდუსტრიაში. მათი მომსახურების სპექტრი მოიცავს როგორც თურქეთის რესპუბლიკას, ასევე მთელს მსოფლიოს, არაერთი სეტიფიკატის მფლობელია და ლიფტების წარმოების ბაზარზე აღიარებულია მაღალი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სტანდარტებით“.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გავმართეთ როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე ქარხნის ხელმძღვანელებთან და განვიხილეთ სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.