საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი კუპრავამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნეს.
მინისტრი და სააგენტოს დირექტორი განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნენ და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალ შენობაში სწავლის დაწყება მიულოცეს.
მინისტრთან და სააგენტოს დირექტორთან ერთად, ახლად რეაბილიტირებული სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ გელა გელაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ, გურიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ.
სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. პროექტის შედეგად, 2024-2025 სასწავლო წელი მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და სკოლის ადმინისტრაციამ სრულად რეაბილიტირებულ, თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში დაიწყეს.
შენობა, რომელიც 250-ზე მეტ მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად განახლდა და ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის: მოეწყო ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. ასევე, მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი. ამასთან, შენობა სრულად აღიჭურვა ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით.
ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულებამ 3 მილიონ ლარამდე შეადგინა.
სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ბოლომდე ჯამში 100-მდე საჯარო სკოლის მშენებლობა/ სრული რეაბილიტაცია დასრულდება.