უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-სგან შეიარაღების ნაწილის მიწოდების დროებით შეჩერების ან გრაფიკის გადახედვის შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ და განმარტებისთვის ამერიკულ მხარესთან სატელეფონო საუბარს ითხოვენ.
"უკრაინულმა მხარემ აქამდე გამოყოფილი აშშ-ს სამხედრო დახმარების პაკეტების გარკვეული ნაწილის მიწოდების შეჩერებაზე განცხადებას ყურადღება მიაპყრო და პარტიების მიწოდების აქტუალურ ფაქტობრივ მდგომარეობას არკვევს". - წერია სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, ფაქტობრივ მონაცემებსა და შეიარაღების პარტიების ყოველ ნაწილს ამოწმებენ.
"უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დეტალების დასაზუსტებლად აშშ-ში კოლეგებთან სატელეფონო საუბარი ითხოვა". - წერია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თეთრ სახლთან კომუნიკაციის შემდეგ უკრაინის თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროები განცხადებას გაავრცელებენ.
მანამდე, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აშშ-მ უკრაინას რიგი შეიარაღების, მათ შორის, Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიწოდება დროებით შეუჩერა. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით NBC News და Politico წერდა.