უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, უკრაინამ ჩელიაბინსკის სიახლოვეს მდებარე აეროდრომზე დისლოცირებულ ავიაგამანადგურებლებზე იერიში მიიტანა.

მათი ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში განხორციელდა ჩელიაბინსკის ოლქში მდებარე შაგოლის აეროდრომზე დისლოცირებულ რამდენიმე „სუ-57“-ის ტიპის გამანადგურებელსა და „სუ-34“-ის ტიპის ბომბდამშენზე.

თავდასხმა 25 აპრილს მოხდა. გენშტაბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შაგოლი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1 700 კილომეტრში მდებარეობს.

„მიყენებული დაზიანებების მასშტაბი ზუსტდება“, – აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში.

უკრაინულ „ტელეგრამ არხებში“ ვრცელდება აეროდრომის თანამგზავრული ფოტოები, რომლებიც 17 და 26 აპრილს არის გადაღებული. როგორც ბლოგერები აცხადებენ, ეს არის ვიზუალური დადასტურება იმისა, რომ რუსული სამხედრო თვითმფრინავები დაზიანდა. აღნიშნულ ცნობებზე რუსეთში კომენტარი არ გაუკეთებიათ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 25 აპრილს აცხადებდა, რომ უკრაინული დრონები ჩელიაბინსკის ოლქს დაესხნენ თავს. რეგიონის გუბერნატორის, ალექსეი ტეკსლერის თქმით, დრონებმა „ერთ-ერთ ობიექტზე“ შეტევა სცადეს.