უნგრეთის მომავალ ლიდერს, პეტერ მადიარს, კიევის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების მხარდაჭერამდე, უკრაინაში უნგრული უმცირესობების უფლებების გაფართოება სურს - ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა Bloomberg-ი, წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, ეს საკითხი ოთხშაბათს, ბრიუსელში, მადიარსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოსტას შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. წყაროების ცნობით, ევროკავშირი ზეწოლას ახდენს მადიარზე, რათა მან უარი თქვას წინა მთავრობის პოიციაზე და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალური დაწყების წინააღმდეგ არ გამოვიდეს.
როგორც Bloomberg-ი წერს, მადიარმა წამოაყენა პირობები და ის დიდწილად იმეორებს 11 მოთხოვნისგან შემდგარ სიას, რომელიც კიევს 2024 წელს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა წარუდგინა. პირობები უკრაინაში უნგრული უმცირესობის უფლებებსა და უნგრულ ენაზე განათლების მიღებაზე წვდომას ეხება.
"მიუხედავად იმისა, რომ მადიარმა კოსტასთან შეხვედრას "სასარგებლო და კონსტრუქციული" უწოდა, განწყობა ნაკლებად პოზიტიური იყო, ვიდრე იმავე დღეს ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის დროს" - აცხადებენ წყაროები.










