ონის შესასვლელთან მეწყრული პროცესების გამო საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა, შეფერხებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

ინფორმაციას ამის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

„ქალაქ ონის შესასვლელთან, მთის ფერდობზე განვითარებული მეწყრული პროცესის შედეგად საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა, რის გამოც დროებით შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა.

ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

ონის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ შექმნილი მდგომარეობა, დაიცვათ უსაფრთხოების წესები. მოძრაობის აღდგენის შესახებ დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით“, – ნათქვამია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.