რუსთავში, ახალგაზრდული ფესტივალი "სტუდფესტი 2026" გაიხსნა. სტუდენტური ფესტივალი წლის ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველწლიურად საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის რამდენიმე ათასი სტუდენტი მონაწილეობს. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია 45 სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო კონკურსი.

სტუდენტურ ფესტივალს წელს სიახლეც დაემატა, 14 ივნისს თბილისში ღონისძიების ფარგლებში 5 კილომეტრიანი მარათონი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. კულტურული მიმართულებით კი, ღონისძიებებია დაგეგმილი ქუთაისში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხესა და თელავში. სტუდენტური ფესტივალი რუსთავში მთავრობის მეთაურმა განათლების მინისტრთან ერთად გახსნა. 

განათლების მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია საუნივერსიტეტო ქალაქის შექმნა თბილისსა და რუსთავს შორის, რაც ახალგაზრდების ჩართულობას კიდევ უფრო გაზრდის.

"სიმბოლურია, რომ ეს ღონისძიება თავის სტარტს იღებს სწორედ ქალაქ რუსთავში, ქალაქში, რომელშიც ახალგაზრდული ქალაქია და უახლოეს პერიოდში, როდესაც ჩვენ უკვე პრემიერ-მინისტრის უშუალო ხელმძღვანელობით დაწყებული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა უმაღლესი განათლების მიმართულებით, რუსთავი კიდევ უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას შეიძენს, რამე თუ საუნივერსიტეტო ქალაქი თბილისსა და რუსთავს შორის რუსთავთან სიახლოვეში აშენდება და აქ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა სხვადასხვა აქტივობაში იქნება ჩართული.

მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ქალაქ თბილისის მერს, მერიას, საკრებულოს, ქალაქ რუსთავის მერს, ადგილობრივ ხელისუფლებას, დიდი მადლობა გადავუხადო ამ ღონისძიების მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მთავრობის მეთაურისგან გვაქვს და რა თქმა უნდა, ტრადიციულად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ყოველთვის იყო ამ პროცესის მხარდამჭერი და ჩართული ვიყავით და ჩვენ ყოველთვის ამ პროცესის გვერდში მდგომი ვიქნებით", - აცხადებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე.