უკრაინის ქალაქ ჩერკასში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მრევლი წმინდა მიქაელის ტაძარში შეიჭრა. ამის შესახებ UNIAN იუწყება.

მოსკოვის საპატრიარქოს მხარდამჭერებმა 17 ოქტომბერს დილით შესასვლელი კარები შეანგრიეს და ტაძრის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ამ დროს მათ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.

მოგვიანებით ტაძართა პოლიცია მივიდა. სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ წესრიგის დასამყარებლად ყველაფერს აკეთებენ და ინციდენტის მონაწილეთა ვინაობას ადგენენ.

კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც დღეს დილით ჩერკასის კაპელანმა ვლადიმერ რიდნიმ ფეისბუკში დაწერა, რომ ქალაქის წმინდა მიქაელის საკათედრო ტაძარი, რომელიც მანამდე მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში იყო, ახლა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა. მან ასევე დაამატა, რომ ტაძარი გახსნილი იქნება სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რადგანაც მას "გარნიზონული ტაძრის" სტატუსი მიენიჭა.

"ტაძრის ტერიტორიაზე გაიხსნება ნაციონალურ-პატრიოტული აღზრდის ცენტრი, საკვირაო სკოლა და კაპელანების მომზადება მოხდება. მრევლს, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში რჩევა, გარნიზონის ტაძარში მოსალოცად ვეპატიჟებით, რომელიც უკრაინულ ენაზე გაიმართება", - დაწერა რიდნიმ.