ჩვენი ცენტრი იქნება ჯანმრთელობისა და იმედის სახლი, – ამის შესახებ ინფექციონისტმა მარინა ეზუგბაიამ თენგიზ ცერცვაძის სახელობის თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გახსნის ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, დღევანდელი დღე სევდიანიც არის, რადგან მის გახსნას ვერ მოესწრო თენგიზ ცერცვაძე, ადამიანი, რომელმაც, ეზუგბაიას თქმით, მრავალი წელი იბრძოლა, რათა ინფექციურ საავადმყოფოს საკუთარი შენობა ჰქონოდა.

„ეს დღე სასიამოვნო, სამხიარულოც არის და სევდიანიც, რადგან ცენტრის შენობის გახსნის ცერემონია ყველაზე მეტად გაუხარდებოდა თენგიზ ცერცვაძეს. კაცს, რომელმაც მრავალი წელი იბრძოლა, რათა ჩვენს ცენტრს საკუთარი შენობა ჰქონოდა. ჩვენი ცენტრი იქნება ჯანმრთელობის და იმედის სახლი. ამის დასტური იქნება თენგიზ ცერცვაძის მრავალი გამონათქვამიდან ერთ-ერთი გამონათქვამი: მთავარი გამარჯვება სიცოცხლის გადარჩენაა. ვეცდებით, ამ ლოზუნგის კვალდაკვალ ვაწარმოოთ მუშაობა ამ არაჩვეულებრივ შენობაში“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ლუბლიანას ქუჩაზე თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა.