დღეს, ქუთაისში, „რამაზ შენგელიაზე არენაზე" საქართველოს 21-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები ევრო 2025-ს საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას გამართავს.

ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრის წინ საქართველოს ნაკრებმა გარკვეულწილად მოულოდნელი საჩუქარი მიიღო ნიდერლანდელი თანატოლებისგან. ჯგუფის გამოკვეთილმა ლიდერმა და ევრო 2025-ის საგზურის ვადამდე მომპოვებელმა ნიდერლანდებმა ბოლო ტურის შეხვედრაში მეორე ადგილზე მყოფ, საქართველოზე ერთი ქულით მეტის მქონე შვედეთს უმასპინძლა, დიდი ანგარიშით, 3:0 გაიმარჯვა და საქართველოს მეორე ადგილზე გასვლის და პლეი-ოფში მოხვედრის შანსი შეუნარჩუნა.



ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვების შემთხვევაში საქართველო შვედეთს გადაასწრებს და მართალია, სამ საუკეთესო მეორეადგილოსანთა შორის ვერ მოხვდება და ევრო 2025-ზე პირდაპირ არ დაიშვება, მაგრამ პლეი-ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

ევრო 2025-ის ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ჯგუფების გამარჯვებულები (ცხრა გუნდი), სამი საუკეთესო მეორეადგილოსანი, პლეი-ოფის სამ წყვილში გამარჯვებულები და მასპინძლები, სლოვაკები იასპარეზებენ.