"თალიბანის" პოლიტიკური ოფისის სპიკერმა მოჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ "ავღანეთში ომი დასრულდა" და საერთაშორისო თანამეგობრობას მშვიდობიანი ურთიერთობებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.
”ჩვენ მივაღწიეთ იმას, რაც გვინდოდა - ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და ჩვენი ხალხის დამოუკიდებლობას. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ჩვენი მიწები ვინმეს მიზნის მისაღწევად გამოიყენოს და არ გვინდა, სხვას ზიანი მივაყენოთ", - განაცხადა მან. "თალიბანმა" ყველა ქვეყანასა და ორგანიზაციას მოლაპარაკებები შესთავაზა. რადიკალური მოძრაობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ "თალიბანს" იზოლაციაში ყოფნა არ სურს, ქვეყნის მმართველობის ტიპი და რეჟიმის ფორმა მალე გახდება ცნობილი, ხოლო დაჯგუფება პატივს სცემს ქალთა და უმცირესობათა უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას შარიათის კანონის ფარგლებში. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ "თალიბანს" მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარება სურს და ცდილობს, განავითაროს რამდენიმე სახის კომუნიკაცია, რომელიც მან უკვე გახსნა უცხო სახელმწიფოებთან. ნაიმის თქმით, "თალიბანი მზად არის უზრუნველყოს "უცხო ქვეყნის მოქალაქეების და დიპლომატიური მისიების უსაფრთხოება, რომლებიც ქვეყანაში იმყოფებიან". ცნობისთვის, რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს ბრძოლის გარეშე დაიკავა. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა და ტაჯიკეთში გაემგზავრა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.