ჩვენ გვსურს, რომ გაიმარჯვოთ,– ასე მიმართა ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა რიში სუნაკმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთი ისრაელის გვერდით დგას.

„მე ვამაყობ, რომ აქ თქვენთან ერთად ისრაელისთვის ყველაზე მძიმე დროს ვდგავარ. ჩვენ გვსურს, რომ თქვენ გაიმარჯვოთ“, - განუცხადა სუნაკმა ნეთანიაჰუს.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

"მე ვიცი, რომ ისრაელი იღებს ყველა ზომას, რათა თავიდან აიცილოს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენება, განსხვავებით "ჰამასის" ტერორისტებისგან", – განაცხადა მან.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ღაზას სექტორის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება მნიშვნელოვანია.

თავის მხრივ, ბენიამინ ნეთანიაჰუმ რიში სუნაკს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ვიბრძვით ბოროტების ღერძის წინააღმდეგ. ეს არ არის მხოლოდ ისრაელის ბრძოლა, არამედ ეს არის ცივილიზებული და თავისუფალი სამყაროსა და თანამედროვე არაბული ქვეყნების ბრძოლაც. მეორე მხარეს არის ბოროტების ღერძი, რომელშიც შედის „ჰამასი“, „ჰეზბოლა“ და ირანი“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.