ისრაელის თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროების შემდეგ ისრაელის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა უარყვეს ღაზის ჰოსპიტლის აფეთქებასთან ისრაელის კავშირი, არაბული ქვეყნების ერთი ნაწილი და თურქეთი კი ტრაგედიაში ისრაელს ადანაშაულებენ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჰოსპიტლის დაბომბვაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ „ბარბაროს ტერორისტებს ღაზის სექტორიდან".
„ისინი, ვინც სასტიკად დახოცა ჩვენი შვილები, კლავენ საკუთარ შვილებსაც“, - განაცხადა მან.
ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ბრალდებას ღაზის სექტორში ჰოსპიტალზე დარტყმის შესახებ დარტყმის შესახებ „სისხლის ცილისწამებას" უწოდებს.
„სირცხვილი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, რომელიც ყლაპავენ ტყუილებს „ჰამასის" და ისლამური ჯიჰადის სიცრუეს და მთელ მსოფლიოში ტრანსლირებენ 21-ე საუკუნის სისხლიან ცილისწამებას. სირცხვილი ღაზას სექტორში ბოროტ ტერორისტებს, რომლებიც განზრახ ღვრიან უდანაშაულოთა სისხლს“, - წერს ის.
ისრაელის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად ჰოსპიტალზე თავდასხმასა და ასეულობით პალესტინელის სიკვდილში ისრაელს ადანაშაულებენ ეგვიპტე, იორდანია, თურქეთი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ბაჰრეინი
პალესტინის ეროვნული ხელისუფლების ხელმძღვანელმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ჰოსპიტალზე თავდასხმის შემდეგ აღარ აპირებს მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრაში, რომელიც ხვალ, ამანში უნდა გაიმართოს.
ცოტა ხნის წინ იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გაუქმდა ხვალისთვის დაგეგმილი ჯო ბაიდენის შეხვედრა იორდანიის მეფე აბდულასთან, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდულ ფათალ ალ-სისისთან და პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან.