სუდანის არმიის ხელმძღვანელობა და მოწინააღმდეგე სწრაფი რეაგირების ძალები, 4-იდან 11 მაისამდე, შვიდდღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ნათქვამია სამხრეთ სუდანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეთანხმებები მიღწეული იქნა რამდენიმე დღის შემდეგ, რაც სამხრეთ სუდანის პრეზიდენტი სალვა კირიმ, როგორც რეგიონალური ორგანიზაციის, სამთავრობათაშორისო ორგანოს (IGAD) წარმომადგენელმა, შუამავლის როლი შეასრულა.

ჰუმანიტარული ვითარების სწრაფად გაუარესება სასწრაფოდ საჭიროებს კონფლიქტის დეესკალაციას, ნათქვამია განცხადებაში. 15 აპრილს, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, რამდენჯერმე იქნა შეთანხმებული 72-საათიანი ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ მრავალი დარღვევა დაფიქსირდა.

გასული კვირის ბოლოს, ჯანდაცვის სამინისტრომ 530-მდე დაღუპული და 4600-მდე დაშავებულის შესახებ განაცხადა. თუმცა, ექსპერტების თქმით, რეალური მაჩვენებლები, შეიძლება, ბევრად მაღალი იყოს.

იმავდროულად, გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ, სულ მცირე, 334,000 ადამიანი გახდა სუდანში იძულებით გადაადგილებული პირი.

გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სუდანში ვოლკერ პერტესმა 1 მაისს განაცხადა, რომ სუდანში კონფლიქტის მხარეები, მოლაპარაკებებზე თავიანთი წარმომადგენლების გაგზავნაზე შეტანხმდნენ.

სუდანში კონფლიქტი აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანს - გარდამავალი სუვერენული საბჭოს ხელმძღვანელს, რომელიც ქვეყნის დე ფაქტო პრეზიდენტია - და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, მოჰამედ ჰამდან დაგალოს შორის, რომელიც ხელმძღვანელობს სწრაფი რეაგირების ძალებს, 15 აპრილიდან გამწვავდა. აპრილის ბოლოს უცხოურმა სახელმწიფოებმა ქვეყნიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს.