პარტნიორებთან ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, ქართულმა სახელმწიფომ თანამემამულეები სუდანიდან უვნებლად გაიყვანა. საქართველოს მოქალაქეები ამ დროისთვის ეგვიპტის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

როგორც ავიაკომპანიების ხელმძღვანელები აცხადებენ, ქართველთა ნაწილის საქართველოში გამოფრენა, დღეს საღამოს იგეგმება, ნაწილი კი, სამშობლოში ხვალ, 27 აპრილს გამოფრინდება.

„განხორციელდა ჩვენი თანამშრომლებისა და საქართველოს ყველა მოქალაქის ევაკუაცია სუდანიდან. ახლა ისინი იმყოფებიან ეგვიპტეში. მათ საზღვართან დახვდა ეგვიპტეში საქართველოს ელჩი, რომელმაც უზრუნველყო მათი სასტუმროებში განთავსება. ვფიქრობ, რომ დღეს საღამოს გამოფრინდებიან ეგვიპტიდან საქართველოში“, - განაცხადა ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ ვიცე-პრეზიდენტმა, შალვა კიკნაძემ „ქრონიკასთან“ სატელეფონო ჩართვაში.