სუდანში გაუარესებული სიტუაციის ფონზე, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა, თავისი მოადგილე, ჰუმანიტარული და საგანგებო სიტუაციების კოორდინატორი მარტინ გრიფიტსი გაგზავნა. ამის შესახებ გრიფიტსმა Twitter-ზე თავად დაწერა.

"ხარტუმში და სუდანში შეტაკებების დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ, ჰუმანიტარულმა კრიზისმა ზღვარს მიაღწია. ანტონიო გუტერეშის თხოვნით, მე გავემგზავრე რეგიონში, რათა შევაფასო, თუ როგორ შეგვიძლია, შევამსუბუქოთ სიტუაცია", - წერს იგი.

ანალოგიური განცხადება, იმავე დღეს, გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დუჟარიკმა გააკეთა. "სუდანში სწრაფად გაუარესებული ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე, გაეროს გენერალური მდივანი სასწრაფოდ აგზავნის თავის მოადგილეს ჰუმანიტარულ საკითხებში მარტინ გრიფიტსს რეგიონში. მასშტაბები და სიჩქარე, რაც ხდება, უპრეცედენტოა", - თქვა დუჟარიკმა. "ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ ამის ამჟამინდელი და გრძელვადიანი ზემოქმედებით სუდანისა და მთლიანად რეგიონის ხალხზე."

30 აპრილს გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამამ (WFP) გამოთქვა შეშფოთება, რომ სუდანში ჰუმანიტარული კრიზისი შეიძლება გავრცელდეს აღმოსავლეთ აფრიკის მთელ რეგიონში, რომელსაც, კლიმატის ცვლილების გამო, უკვე საკმაოდ უჭირს.

"ამ ქვეყანაში ბრძოლებამდეც კი, მოსახლეობის მესამედს შიმშილი აწუხებდა, ახლა იქ სურსათზე ფასები მკვეთრად იზრდება", - ამბობს გერმანიის WFP-ის დირექტორი მარტინ ფრიკი.

გარდა ამისა, 30 აპრილს - სუდანში კონფლიქტის მკვეთრი გამწვავებიდან ორი კვირის შემდეგ - საერთაშორისო წითელი ჯვრის პირველი თვითმფრინავი დაეშვა ამ ქვეყანაში. ბორტზე რვა ტონა სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მარაგი იყო, მათ შორის ქირურგიული ინსტრუმენტები, საანესთეზიო საშუალებები და სახვევები, განაცხადა ორგანიზაციამ.

იმავე დღეს, სწრაფი რეაგირების ძალების (RSF) სარდლობამ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის მოქმედების კიდევ 72 საათით გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა. ეს პერიოდი 1 მაისს, შუაღამისას, ცეცხლის შეწყვეტის წინა შეთანხმების ამოწურვის შემდეგ დაიწყება, ნათქვამია განცხადებაში.

15 აპრილიდან მოყოლებული, კონფლიქტი მკვეთრად გამწვავდა აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანს, გარდამავალი სუვერენული საბჭოს ხელმძღვანელს, რომელიც ქვეყნის დე ფაქტო პრეზიდენტია, და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, მოჰამედ ჰამდან დაგალოს შორის, რომელიც სწრაფი რეაგირების ძალებს ხელმძღვანელობს. ოფიციალური მონაცემებით, ბრძოლების დროს 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 4600-მდე კი დაშავდა. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია.