კრემლის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ აშშ-ში რამდენიმედღიანი ვიზიტის ფარგლებში მან ვლადიმერ პუტინის პოზიცია წარადგინა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთზე ზეწოლას აზრი არ აქვს.
„მესამე დღეა, აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. აშშ-ში ვიზიტის დროს ძალიან მტკიცედ გადმოვცემთ პრეზიდენტ პუტინის პოზიციას, რომ მხოლოდ კონსტრუქციული, პატივისცემით აღსავსე დიალოგი გამოიღებს შედეგს, რუსეთზე ზეწოლის ნებისმიერი მცდელობა კი აზრს მოკლებულია“, – აცხადებს კირილ დმიტრიევი.
რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, მოსკოვი აწყდება აშშ-რუსეთს შორის დიალოგის ჩაშლის მცდელობებს, თუმცა ის არ აკონკრეტებს, ვინ დგას აღნიშნულის უკან.
„ჩვენ ვხედავთ ტიტანურ მცდელობებს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ნებისმიერი სახის დიალოგის ჩაშლის მიზნით და ვაწყდებით უამრავ დეზინფორმაციას“, – აღნიშნავს დმიტრიევი ვიდეომიმართვაში.
ამასთან, დმიტრიევის თქმით, მან აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უამბო რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელობასთან ვლადიმერ პუტინის შეხვედრისა და იქ გაკეთებული განცხადებების შესახებ – კერძოდ, „ბურევესტნიკის“ ფრთოსანი რაკეტის გამოცდისა და კუპიანსკის მახლობლად უკრაინული ძალების სავარაუდო ალყაში მოქცევის თაობაზე.
გარდა ამისა, მისი თქმით, აშშ-ის ხელისუფლებას უნდა აცნობოს, რომ „უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვრით არის შესაძლებელი“ და რომ რუსეთის ეკონომიკა კარგ მდგომარეობაშია.
ცნობისთვის, კრემლის წარმომადგენელი შეერთებულ შტატებში პარასკევის შემდეგ იმყოფება და აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
თარგმანი: პირველი არხი




