ასე შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საუდის არაბეთში დასრულებული აშშ-ის და რუსეთის მოლაპარაკებები.

სერგეი ლავროვის თქმით, მხარეებმა ერთმანეთს არა მხოლოდ მოუსმინეს, არამედ გაუგეს კიდევაც. არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ამერიკულმა მხარემ უკეთესად დაიწყო რუსეთის პოზიციის მოსმენა.

შეგახსენებთ, რომ ერ-რიადში  4,5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა აშშ-ის და რუსეთის მოლაპარაკებები, რომელშიც აშშ-ის მხარეს წარმოადგენდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი და სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ ვიტკოფი, რუსეთის მხარეს კი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის  აღმასრულებელი დირექტორი კირილ დმიტრიევი.

მოლაპარაკების დასრულების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ „შეხვედრამ კარგად ჩაიარა“, იყო „სერიოზული საუბარი ყველა საკითხზე“

მან ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე განიხილავდნენ უკრაინაში არსებულ ვითარებას და  ტრამპის და პუტინის შეხვედრისთვის საჭირო პირობების შექმნის საკითხს და აღნიშნა, რომ მომავალ კვირას მათი შეხვედრა ნაკლებად სავარაუდოა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, რომ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ საელჩოს პერსონალის აღდგენაზე და მაღალი დონის ჯგუფის შექმნაზე უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის.

მან ასევე განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელებულმა ქმედებებმა შეზღუდა ორივე ქვეყნის დიპლომატიური მისიების ფუნქციონირების შესაძლებლობა.

„ჩვენ დაგვჭირდება აქტიური დიპლომატიური მისიები, რომლებსაც შეუძლიათ გამართულად ფუნქციონირება“, - თქვა მან.