სამხრეთ კორეის პარლამენტში პრეზიდენტ იუნ სოკ-იოლის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა, რადგან მმართველი პარტიის დეპუტატების უმრავლესობამ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა.
ოპოზიციამ განაცხადა, რომ გააგრძელებს პრეზიდენტის გადადგომის მცდელობა, რომელმაც ამ კვირის დასაწყისში ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
ქვეყნის ერთპალატიანი პარლამენტის - ეროვნული ასამბლეის 300 წევრიდან მხოლოდ 195-მა მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში, გადაწყვეტილების მისაღებად კი საჭირო იყო დეპუტატების სულ მცირე ორი მესამედის მხარდაჭერა.
ამავდროულად, ექვს ოპოზიციურ პარტიას, რომლებმაც იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყეს, მხოლოდ 192 ადგილი აქვთ და მათი ინიციატივის წარმატებისთვის, მათ მმართველი სახალხო ძალის პარტიის სულ მცირე რვა წევრის მხარდაჭერა სჭირდებოდათ.
იმპიჩმენტის პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც იუნ სოკ-იოლმა 2 დეკემბერს ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა ჩრდილოეთ კორეის მუქარისა და „ანტისახელმწიფოებრივი ელემენტების“ მოტივით, როგორც მან ოპოზიციას უწოდა.
დღეს სეულში სამხრეთ კორეის ეროვნულ ასამბლეასთან ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა დემონსტრაციაზე. ისინი პრეზიდენტის გადადგომას ან იმპიჩმენტს ითხოვენ.
პარლამენტში კენჭისყრამდე პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა სიტყვით მიმართა ქვეყნის მოსახლეობას და საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო ბოდიში მოიხადა. სამხრეთ კორეაში პოლიტიკური ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პრეზიდენტმა გასულ სამშაბათს საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ეროვნულმა ასამბლეამ საომარი მდგომარეობა რამდენიმე საათში გაუქმა.