შეერთებული შტატების ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში კანადის პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრიუდოს დიდი შტატის - კანადის გუბერნატორი უწოდა.

„წუხელ საღამოს, დიდი შტატის, კანადის გუბერნატორ ჯასტინ ტრIუდოსთან ერთად ვახშმობა სასიამოვნო იყო. მოუთმენლად ველი შეხვედრებს გუბერნატორთან, რათა შევძლოთ გავაგრძელოთ ტარიფებზე და ვაჭრობაზე ჩვენი სიღრმისეული მოლაპარაკებები, რომლის შედეგებიც ნამდვილად შთამბეჭდავი იქნება ყველასთვის!" - წერს შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტიო დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში.

დონალდ ტრამპის ეს კომენტარი, მის მიერ კანადისა და მექსიკისთვის 25%-იანი  ტარიფის დაწესების შესახებ გეგმის გაჟღერების შემდეგ გავრცელდა. 

აღნიშნულ გეგმასთან დაკავშირებით ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, რომ ის „დამანგრეველ გავლენას მოახდენს კანადის ეკონომიკაზე“ და „ჯერ კიდევ ეძებს" გეგმაზე „რეაგირების სწორ გზას“. 

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ტარიფები გავლენას მოახდენს შეერთებულ შტატებზე და მათი მომატებით ტრამპი „ასევე გაზრდის ფასებს ამერიკელი მოქალაქეებისთვის და ზიანს მიაყენებს ამერიკულ ინდუსტრიასა და ბიზნესს".

ორი ლიდერი ცოტა ხნის წინ ისადილეს ტრამპის კლუბ მარ-ა-ლაგოში.

კითხვაზე, ხომ არ პროვოცირებდა ტრამპი კანადას, ვიცე-პრემიერმა კრისტია ფრილენდმა განაცხადა, რომ კანადის მთავრობა ეროვნული ინტერესების დაცვისთვის აბსოლუტურად სრული სიმტკიცით აღსავსეა.

ჩვენი პრინციპი ნაფტას (NAFTA - ჩრდილოამერიკული შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ) მოლაპარაკებების დროს იყო ის, რომ ჩვენ არ გაგვემძაფრებინა სიტუაცია, მაგრამ ჩვენ უკან არ დაგვიხევია.  ვფიქრობ, ეს ძალიან კანადური მიდგომაა და ეს არის ის მიდგომა, რომელიც მუშაობს, - თქვა ფრილენდმა.

ტრამპსა და ტრიუდოს შორის ვახშმის შემდეგ, რომელზედაც ტრამპი, გავრცელებული ინფორმაციით, ხუმრობდა კანადის სახელმწიფოებრიობაზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა დომინიკ ლებლანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ იცოდნენ, რომ „საუბარი იქნებოდა თავისუფალი“ და რომ პრეზიდენტი ჩვენ გაგვეხუმრებოდა.

ტრამპსა და ტრიუდოს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. ტრამპმა ადრე ტრიუდოს უწოდა „ორპირი" და „უკიდურესად მემარცხენე გიჟი" და პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს დააწესა ტარიფები კანადურ ფოლადსა და ალუმინზე.