საფრანგეთის განათლების მინისტრმა გაბრიელ ატალმა კვირას გამოაცხადა, რომ საფრანგეთი სკოლებში ისლამურ სამოსი აბაიას აკრძალავს. ამ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
"რესპუბლიკის სკოლა ძლიერ ღირებულებებზე აშენდა, სეკულარიზმი ერთ-ერთი მათგანია. … როდესაც შედიხართ კლასში, არ უნდა შეგეძლოთ მოსწავლეთა რელიგიის იდენტიფიცირება," - თქვა ატალმა ფრანგულ ტელეარხ TF1-თან ინტერვიუში.
"მე ვაცხადებ, რომ [მოსწავლეები] ვეღარ შეძლებენ აბაიას სკოლაში ტარებას," - თქვა მან.
აბაია არის გრძელი კაბა, რომელსაც ჩვეულებრივ მუსლიმი ქალები ატარებენ, რადგან ის შეესაბამება ისლამურ შეხედულებებს მოკრძალებულ ჩაცმულობაზე. მას ასევე ატარებენ ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. 2004 წელს საფრანგეთმა სკოლებში რელიგიური სიმბოლოები აკრძალა, მათ შორის დიდი ჯვრები, ებრაული კიპა და ისლამური თავსაბურავები, მაგრამ აბაია აკრძალული არ იყო.
განათლების მინისტრმა გაბრიელ ატალმა გამოაცხადა, რომ ის უახლოეს კვირებში მოლაპარაკებებს დაიწყებს, სანამ სკოლებისთვის ახალი, "მკაფიო ეროვნული წესები" გამოიცემა.
აბაიაებზე ფოკუსირება ფრანგულ სკოლებში ისლამური ტანსაცმლის მქონე გოგონების რაოდენობის ზრდას მოჰყვა, რაც ზოგიერთის აზრით ქვეყნის სეკულარული ღირებულებების დარღვევაა. გასულ თვეში, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა იაელ ბრონ-პივემ თქვა, რომ აუცილებელია "საჯარო სკოლები სრულიად სეკულარული" იყოს, სადაც არ იქნება "რამადანი, აბაია, არც საჩვენებელი რელიგიური ნიშნები."
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი რელიგიური ჩაცმულობის კანონით აკრძალვას ითხოვდა, მთავრობა სკოლის დირექტორებს უბრალოდ ახალ მითითებებს მისცემს.