საფრანგეთის საკასაციო სასამართლომ მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საფრანგეთი ვალდებულია აღიაროს უცხოური სასამართლოების მიერ გაცემული ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მშობლებად აღიარებას ეხება.
მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში სუროგაცია კანონით კვლავ აკრძალულია, უმაღლესმა სასამართლო ინსტანციამ დაადგინა, რომ ბავშვის უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, უცხოეთში ლეგალურად გაფორმებული მშობლობის უფლება საფრანგეთის მოქალაქეობის რეესტრშიც უნდა აისახოს.
სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლს, რომელიც პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემას იცავს. მოსამართლეებმა მიიჩნიეს, რომ ბავშვებს, რომლებიც საფრანგეთის მოქალაქეების მიერ უცხოეთში სუროგაციის გზით გაჩნდნენ, არ უნდა შეეზღუდოთ სამართლებრივი კავშირი მათ კანონიერ მშობლებთან საკუთარ ქვეყანაში.
ეს გადაწყვეტილება ბოლო მოუღებს წლების განმავლობაში არსებულ სამართლებრივ გაურკვევლობას იმ ფრანგული ოჯახებისთვის, რომლებსაც შვილები სუროგაციის გზით უცხო ქვეყნებში (მაგალითად, აშშ-ში, კანადასა თუ უკრაინაში) შეეძინათ და საფრანგეთში დაბრუნებისას ბავშვების საბუთების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით სერიოზულ იურიდიულ ბარიერებს აწყდებოდნენ.
როგორც გამოცემა “ფიგარო” წერს,
გადაწყვეტილებამ საფრანგეთში შესაძლოა ახალი პოლიტიკური დებატები გამოიწვიოს.
კონსერვატიული წრეები შიშობენ, რომ უცხოური აქტების ავტომატური აღიარება ირიბად გზას უხსნის ქვეყანაში სუროგაციის ლეგალიზაციას, რასაც მოქმედი ხელისუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
მიუხედავად ამისა, საკასაციო სასამართლოს ვერდიქტი საბოლოოა და საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროსა და სამოქალაქო რეესტრის სამსახურებს მსგავსი საქმეების რეგისტრაციის წესის შეცვლა მოუწევთ.









