საფრანგეთის ზემო ლუარას დეპარტამენტის პატარა სოფელ პოლაგეს ადგილობრივი ეკლესიის მღვდელი, მამა მიშელი სამრევლო შემოწირულობების მითვისებაშია ბრალდებული.
გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, სასულიერო პირი მიმდინარე წლის მარტის თვეში შვებულებით თავის მშობლიურ ქვეყანაში, მადაგასკარში გაემგზავრა, რის შემდეგაც გაუჩინარდა.
ფინანსური დარღვევები თავდაპირველად მრევლის წევრებმა შეამჩნიეს, რის შესახებაც ადგილობრივ ეპისკოპოსს, ივ ბომგარტენს აცნობეს. ეპისკოპოსმა მღვდელი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა, თუმცა მამა მიშელმა ფაქტები უარყო, მალევე მადაგასკარში გაფრინდა და მას შემდეგ მისი კვალი დაკარგულია.
ლე პუი-ან-ველეს საეპისკოპოსომ დაადასტურა, რომ მამა მიშელი ქვეყნიდან ხელცარიელი არ წასულა. მას ბრალად ედება მრევლის მიერ გაღებული ნებაყოფლობითი შემოწირულობებიდან და საეკლესიო შესაწირავი ყუთებიდან 5 000-დან 6 000 ევრომდე თანხის მითვისება.
შექმნილი ვითარების გამო, ეპისკოპოსმა მიიღო იშვიათი გადაწყვეტილება - მღვდელი თანამდებობიდან გადააყენა და აუკრძალა ეპარქიაში დაბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი საზოგადოება შოკირებულია, მრევლის ნაწილი და ადგილობრივი დიაკვანი მაინც ხაზს უსვამენ მისი მისიონერული მოღვაწეობის დადებით მხარეებს.
მამა მიშელი რეგიონში უკვე ექვსი წელი ცხოვრობდა, ორი წლის განმავლობაში მართავდა სამრევლოს და მისი მანდატი სულ ახლახან განახლდა.
ქრისტიანული მიტევების პრინციპიდან გამომდინარე და მტკიცებულებების სირთულის გათვალისწინებით, ეპარქიამ პოლიციაში ოფიციალური საჩივრის შეტანაზე უარი თქვა. მათ მომხდარი შეაფასეს როგორც „ადამიანური სისუსტე“, რაც, სავარაუდოდ, მისი წარმოშობის ქვეყნის (მადაგასკარის) უკიდურეს სიღარიბეს უკავშირდება.
ცნობილი გახდა, რომ პოლაგეს სამრევლოში ახალი წინამძღვარი მოვალეობის შესრულებას 1 სექტემბრიდან შეუდგება.








