საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ხელახალი განხილვისას, მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც გარკვეულ პირობებში სიცოცხლის ნებაყოფლობითი შეწყვეტის უფლების ლეგალიზაციას ითვალისწინებს. 

დოკუმენტს ხმა 295 დეპუტატმა მისცა, 232 კი წინააღმდეგი წავიდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ემანუელ მაკრონის მიერ დაპირებული უმნიშვნელოვანესი სოციალური რეფორმის მორიგი პოლიტიკური ვერიფიკაციაა.

კენჭისყრას წინ უსწრებდა რამდენიმე დღიანი ინტენსიური დებატები და 1 800-ზე მეტი შესწორების განხილვა. 

დამტკიცებული ტექსტი არსებითად ემთხვევა გასული წლის თებერვალში მიღებულ პირვანდელ ვერსიას. კანონპროექტი ითვალისწინებს სიცოცხლის დასრულებაში აქტიური დახმარების (რაც მოიცავს ასისტენტირებულ თვითმკვლელობასა და ევთანაზიას) უფლების შემოღებას იმ პირებისთვის, რომლებიც მძიმე და განუკურნებელი სენით არიან დაავადებულნი და რომელთა სასიცოცხლო პროგნოზი მოკლე ან საშუალო ვადიანია.

აღნიშნული უფლებით სარგებლობისთვის პაციენტმა ერთდროულად ხუთი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს: ის უნდა იყოს სრულწლოვანი, ჰქონდეს საფრანგეთის მოქალაქეობა ან მუდმივად და ლეგალურად ცხოვრობდეს ქვეყანაში, განიცდიდეს აუტანელ ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ტანჯვას და ჰქონდეს უნარი, საკუთარი ნება თავისუფლად და გაცნობიერებულად გამოხატოს. 

წესის თანახმად, ლეტალური პრეპარატი პაციენტმა თავად უნდა მიიღოს (ასისტენტირებული თვითმკვლელობა), სამედიცინო პერსონალის მიერ მისი შეყვანა (ევთანაზია) კი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იქნება დაშვებული.

კანონპროექტი საპარლამენტო განხილვის დასკვნით ეტაპზე გადადის. სენატი (პარლამენტის ზედა პალატა) დოკუმენტს 7 ივლისს განიხილავს. 

იმ შემთხვევაში, თუ ზედა პალატა მას კვლავ უარყოფს, მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ საბოლოო სიტყვა ეროვნულ ასამბლეაზე იქნება. 

საბოლოო კენჭისყრა 2026 წლის 15 ივლისს იგეგმება, რითაც დასრულდება 2025 წლის მარტში დაწყებული საკანონმდებლო პროცესი.