საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში, პენსიების ზრდასთან დაკავშირებით ისაუბრა.
მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან პენსიებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები უპასუხისმგებლო და "აღვირახსნილი პოპულიზმია," რასაც არანაირი პრაგმატული გათვლა არ უდევს საფუძვლად.
"პენსია - უამრავი სპეკულაციის საგანი გამხდარა. ეს ყოველთვის ასე ხდება, ნებისმიერი სოციალური საკითხის, ძალიან მარტივად პარაზიტირებისთვის, კარგად გამოყენება ხდება ოპოზიციის მხრიდან. ეს დასანანი, სამწუხარო რეალობაა, როდესაც სრულიად უპასუხისმგებლოდ ყველას შეუძლია რაღაც განცხადებები აკეთოს, მაგრამ გარდა უპასუხისმგებლობისა და პოპულიზმისა, გავბედავ და ვიტყვი, დავარქმევ ამას აღვირახსნილ პოპულიზმს, ამის მიღმა არაფერი არ დგას. არავითარი რეალური, არავითარი პრაგმატული, არავითარი მეცნიერული გათვლა ამას საფუძვლად არ უდევს, მაგალითად განცხადებებს, რომ, რატომ არ უნდა იყოს 10-ჯერ უფრო მეტი პენსია და ასე შემდეგ.
ამ ბოლო ხანებში, მაგალითად, პასუხისმგებლობით აღსავსე რაც იყო, ეს იყო პრემიერ-მინისტრის პირველი განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით, რომელმაც განცხადებაში ახსნა პრაქტიკულად, ზუსტად და ვისაც მართლა აზრი შეიძლება მოეკითხებოდეს და რჩევა ვკითხოთ, ბუნებრივია, ყველა იტყვის, რომ მაგალითად ფარგლები აქვს მთლიანად ქვეყნის ბიუჯეტში, რა მოცულობა უნდა ჰქონდეს სოციალურ ხარჯებს და, რასაკვირველია, იქვე გათვალისწინებული უნდა იქნეს ისეთი ხარჯები, რომელიც ორიენტირებული იქნება ისეთი პროექტების დაფინანსებაზე, რაც, თავის მხრივ, შესაძლებლობას გააჩენს, რომ მომდევნო წლებშიც არსებობდეს შემდგომი განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობები.
თუ ჩვენ ერთბაშად ყველაფერს უბრალოდ წლევანდელ სოციალურ საჭიროებებზე დავხარჯავთ, ეს ნიშნავს იმას, რომ რასაკვირველია, გაისად ეს უბრალოდ არ იარსებებს. ეს ყველაზე მარტივად, პრიმიტიულად რომ ავხსნათ, ასეა. ამიტომ, როდესაც ვინმე საუბრობს ან რამე ხარჯის გაზრდაზე, ან ათმაგი პენსიის დარიგების საჭიროებაზე და ასე შემდეგ, მას, რასაკვირველია, უნდა ევალებოდეს, რომ ახსნას, რას უნდა მოაკლოს ეს ხარჯი და როგორ შეიძლება ეს იყოს გამართული და სწორი ბიუჯეტი და შემდეგ შეგვიძლია აზრი ვკითხოთ მაგალითად, იგივე საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, რომელთა რჩევაც არის ზუსტად ისე დაგეგმვა პროცესის, როგორც ეს იგეგმება," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.









