დღეს, მოსკოვში, ავტომობილის მძღოლის სავარძლის ქვეშ მოთავსებული ბომბის აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ოფიცერი. დაშავდა და საავადმყოფოში მასთან ერთად გადაიყვანეს აგრეთვე მისი მეუღლე.
რუსეთის პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ აფეთქებაში ეჭვმიტანილმა პირმა თურქეთში გაფრენა მოასწრო და დახმარებისთვის ინტერპოლის თურქეთის განყოფილებას დაუკავშირდნენ.
თურქეთის სპეცსამსახურებმა ეჭვმიტანილი პირი კურორტ ბოდრუმის მახლობლად დააკავეს.
ავტომობილის აფეთქებიდან მალევე რუსეთმა მომხდარს ტერაქტი უწოდა და განაცხადა, რომ შესაძლოა, აფეთქების უკან უკრაინის სპეცსამსახური და მისი აგენტები იყვნენ. მოგვიანებით ტელეგრამის არხმა Shot-მა მოიკვლია, რომ თურქეთში დაკავებული 30 წლის ვოლგოგრადელი ევგენი სერებრიაკოვი დაინტერესებული იყო იარაღით და ეძებდა სამუშაოს, ადრე კი იგი ბანკში მუშაობდა და სოციალურ ქსელებში მისი სახელი უკრაინულად წერია.