რუსეთის ფინანსთა სამინისტროსა და ცენტრალური ბანკის მაღალჩინოსნებმა ვლადიმირ პუტინი გააფრთხილეს, რომ თავდაცვის ხარჯების ამჟამინდელი დონე ბიუჯეტის დეფიციტის სახიფათო ზრდას იწვევს.
ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მაღალჩინოსნებმა რუსეთის პრეზიდენტს სამხედრო ხარჯების შემცირება შესთავაზეს, თუმცა პუტინმა ფინანსთა სამინისტროს დაავალა, დანაზოგი ბიუჯეტის სხვა მუხლებში მოიძიოს და თავდაცვის დაფინანსებას არ შეეხოს.
„ბლუმბერგი“ აღნიშნავს, რომ ეს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მოსკოვში შიდა უთანხმოების ყველაზე სერიოზული ნიშანია.
თავდაცვის სამინისტრო და კრემლის ზოგიერთი წარმომადგენელი არა მხოლოდ ეწინააღმდეგებიან ხარჯების შემცირებას, არამედ დამატებით დაფინანსებასაც მოითხოვენ. მათი აზრით, თავდაცვის ხარჯების შემცირება ეკონომიკას დააზარალებს, რადგან მრავალი რუსული საწარმო სამხედრო შეკვეთებზეა დამოკიდებული.
მთავრობასთან დაახლოებული ორი წყაროს შეფასებით, 2026 წელს თავდაცვის სამინისტროს დეფიციტმა შესაძლოა, სამ ტრილიონ რუბლს (36 მილიარდ დოლარს) მიაღწიოს.
„ბლუმბერგის“ ცნობით, 2026 წლის ბიუჯეტის შედგენისას ოფიციალური პირები იმედოვნებდნენ, რომ ომი დასრულდებოდა. ისინი ვარაუდობდნენ, რომ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრის შემდეგ ალასკაში, 2026 წლის მეორე ნახევარში სამხედრო ხარჯების შემცირება შესაძლებელი გახდებოდა. თუმცა, მშვიდობა არ დამყარებულა, ხოლო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო ნავთობის ფასების ზრდა რუსეთის ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად საკმარისი არ აღმოჩნდა. ვითარების საგრძნობლად გასაუმჯობესებლად ნავთობის ფასი, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში ბარელზე 100 დოლარზე მაღალი უნდა იყოს.
რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვი, ჯერ კიდევ თებერვალში მოითხოვა 2026 წლის ბიუჯეტის ყველა მუხლის ხარჯების შემცირება, გარდა სამხედრო დანახარჯებისა, რის შესახებაც მაისის ბოლოს „ფაინენშალ თაიმსი“ იუწყებოდა.









