რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ნიკოლაი პატრუშევის თქმით, რუსეთმა, ჩინეთმა და ირანმა ჰორმუზის სრუტეში გაგზავნეს ხომალდები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სამხედრო სწავლებაში - საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი 2026.
საზღვაო სწავლების ფარგლებში, ირანი ჰორმუზის სრუტეს რამდენიმე საათით ჩაკეტავს. ინფორმაცია თეირანის მთავრობასთან დაახლოებულმა მედიამ გაავრცელა.
ირანმა საზღვაო სწავლება ჯერ კიდევ 16 თებერვლის გამთენიისას დაიწყო. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაახლოებული მედიის ცნობით, ვარჯიშის ფარგლებში გამოიყენეს რაკეტები.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გამოაცხადა, რომ სწავლება დაიწყეს ჰორმუზის სრუტეში, სპარსეთისა და ომანის ყურეებში, წყლებში, რომლებსაც დიდი სავაჭრო მნიშვნელობა აქვს, რადგან აქ მსოფლიოში ნავაჭრი ნავთობის 20% გადაადგილდება.
საზღვაო სწავლებები ტარდება თეირანსა და ვაშინგტონს შორის მზარდი დაძაბულობისა და აშშ-ს მოსალოდნელი დარტყმების ფონზე. მათ პარალელურად, დაიწყო აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი.




