Reuters-ის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აშშ ვენესუელაში ოპერაციის ახალ ეტაპს დაიწყებს.
როგორც მედია აშშ-ს ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე წნეხის გაზრდას გეგმავს.
გავრცელებულ ინფორმაციაზე პენტაგონისა და CIA-ს წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნარკოკარტელების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების ნებართვა გასცა.
ხოლო 16 ოქტომბერს ტრამპმა განაცხადა, რომ ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) ვენესუელაში ფარულად ოპერაციების ჩატარების უფლება მისცა, მათ შორის, ნარკოკარტელების წინააღმდეგ შესაძლო დარტყმების მხრივაც.
მოგვიანებით, 25 ოქტომბერს, პენტაგონის მეთაურის, პიტ ჰეგსეტის ბრძანებით, კარიბის ზღვაში მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ავიამზიდი USS Gerald Ford გაიგზავნა. კარიბის ზღვის სიახლოვეს აშშ-მ თავი მოუყარა სხვა სამხედრო ხომალდებსაც.
ბოლო ორი თვის განმავლობაში, აშშ-ს სამხედრო ძალებმა როგორც ატლანტიკურ, ისე წყნარ ოკეანეში, რამდენიმე ხომალდი გაანადგურა, რომლებიც, ტრამპის ადმინისტრაციის მიხედვით, ნარკოტრეფიკინგში იყვნენ ჩართულნი.








