Reuters-ის ცნობით, 14 ნოემბერს მიწოდებასთან დაკავშირებით შიშების გამო ნავთობის ფასებმა დაახლოებით 2%-ით აიწია მას შემდეგ, რაც რუსეთის ნოვოროსიისკის პორტიდან ნავთობის ექსპორტი შეწყდა.

მიზეზი უკრაინის მხრიდან დრონებით იერიში გახდა, რის ფარგლებშიც პორტის ნავთობსაცავს დაარტყეს. რუსი მაღალჩინოსნების თქმით, უკრაინის თავდასხმის შედეგად პორტში დაზიანდა ხომალდი, საცხოვრებელი კორპუსი და ნავთობსაცავი - ასევე დაშავდა გემის ეკიპაჟის სამი წევრიც.

თბილისის დროით 15:45 საათის მონაცემებით, Brent-ის ნედლი ნავთობის ფიუჩერსები $1.38-ით, იგივე 2.19%-ით, იყო გაზრდილი და ბარელზე $64.39-ად იყიდებოდა, ხოლო აშშ-ს West Texas Intermediate-ის ნედლი ნავთობის ფიუჩერსებმა $1.54-ით, იგივე 2.62%-ით, აიწია და ბარელზე $60.23 შეადგინა. 

გამოცემა Reuters-ს ორმა წყარომ განუცხადა, რომ პორტმა ნავთობის ექსპორტი შეაჩერა და ნავთობის მილსადენებზე მონოპოლიის მქონე კომპანიამ, Transneft-მა პორტისკენ ნედლი ნავთობის გაგზავნა შეწყვიტა. 

წყაროების თქმით, ნოვოროსიისკის გავლით ნავთობის გადაზიდვებმა ოქტომბრის თვეში 3.22 მილიონი ტონა, ან დღეში 761 000 ბარელი, შეადგინა, და ჯამში პორტიდან 1.794 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტების ექსპორტი მოხდა.