რამდენიმე წყარო Reuters-ს უყვება, რომ ჩინეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიებმა საზღვაო გზით რუსული ნავთობის შესყიდვა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც აშშ-მ Rosneft-სა და Lukoil-ს - რუსეთის ორ უდიდეს ნავთობკომპანიას სანქციები დაუწესა.
წყაროები გამოცემას უცხადებენ, რომ, ჩინეთის ეროვნული ნავთობკომპანიები - PetroChina, Sinopec, CNOOC და Zhenhua Oil - სანქციების შესაძლო რისკების გამო სულ მცირე მოკლევადიან პერიოდში საზღვაო გზით რუსულ კომპანიებთან ვაჭრობისგან თავს შეიკავებენ.
Reuters აღნიშნავს, რომ ჩინეთი ზღვით დღეში დაახლოებით 1.4 მილიონ ბარელ რუსულ ნავთობს ყიდულობს, თუმცა ამ მოცულობის უმეტესი ნაწილი დამოუკიდებელ გადასამუშავებელ ქარხნებზე მოდის, მათ შორის მცირე ოპერატორებზე, რომლებიც "ჩაის ქარხნებად" არიან ცნობილი. სახელმწიფო გადამამუშავებლების შესყიდვების სავარაუდო მოცულობა დაახლოებით 500 მილიონი ბარელია.
ორმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ Unipec-მა, რომელიც Sinopec-ის შვილობილი კომპანიაა - გასულ კვირას რუსული ნავთობის შესყიდვა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც დიდმა ბრიტანეთმა Rosneft-სა და Lukoil-ს, ე.წ. ჩრდილოვან ფლოტში შემავალ გემებს და რამდენიმე ჩინურ ერთეულს, მათ შორის ერთ მსხვილ ჩინურ გადამამუშავებელს, სანქციები დაუწესა.
წყაროების თქმით, სანქცირებული რუსული კომპანიები თავიანთი ნავთობის უმეტეს ნაწილს ჩინეთში შუამავლების მეშვეობით ყიდიან და არა უშუალოდ.
სფეროს რამდენიმე ექსპერტი გამოცემასთან საუბარში ამბობს, რომ დამოუკიდებელი გადამამუშავებლები, სავარაუდოდ, დროებით შეაჩერებენ შესყიდვებს, რათა შეაფასონ სანქციების გავლენა, თუმცა, საბოლოოდ, რუსული ნავთობის შეძენას კვლავ შეეცდებიან.








