ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ ბეზიეს სასამართლომ 450 ევროთი დააჯარიმა ქალბატონი, რომლის კატაც სისტემატურად შედიოდა მოსასაქმებლად მეზობლის ტერიტორიაზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ კატის მეზობლის ტერიტორიაზე შესვლამ გამოიწვია სარგებლობის უფლების შეზღუდვა და მოსარჩელეს არ შეეძლო მშვიდად დამტკბარიყო იმ სიამოვნებით, რაც თან სდევს საკუთარ ტერიტორიაზე ცხოვრებას და დასვენებას.
450 ევროს ოდენობით ჯარიმის გარდა კატის პატრონს, დომინიკს, 64 წლის მასწავლებელს, მოსარჩელის ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება დაევალა და სულ მას 1250 ევრო ექნება გადასახდელი. კონფლიქტი სამი წელი გაგრძელდა და შერიგების მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა.
Chats viassois bessanais ასოციაციის პრეზიდენტი ბერნარ გიგონი აღშფოთებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით.
კატამ არ იცის საზღვრები. ეს ყველამ იცის. ეს სკანდალური გადაწყვეტილებაა. სასამართლოს კარი ახლა უკვე ღიაა ყველასთვის, ვისაც მცირეოდენი მეზობლური დავის გამო მეზობლის წინააღმდეგ საჩივრის შეტანის ცდუნება შეიძლება გაუჩნდეს, - ამბობს ბერნარ გიგონი