რუსეთის ეროვნულ გვარდიაში მძიმე იარაღი და ტანკები გამოჩნდება, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა ვიქტორ ზოლოტოვმა.

მისი თქმით, საკითხი უკვე განხილულია კრემლის ხელმძღვანელ ვლადიმირ პუტინთან.

ზოლოტოვი ირწმუნება, რომ ძალოვანი უწყებების მუშაობა "ვაგნერის" ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის მიერ ორგანიზებული აჯანყების დროს „შეიძლება, შეფასდეს, როგორც შესანიშნავი“, ხოლო "ვაგნერელების" სწრაფი წინსვლა ქვეყნის მასშტაბით აიხსნება "მოსკოვთან ძალების კონცენტრაციით".

ზოლოტოვი ამბობს, რომ მუდმივად იყო კავშირში პუტინთან ამბოხების დროს და მოსკოვში ნებისმიერი "პროვოკაცია" აღკვეთილი იქნებოდა:

"ვიცოდით, რომ გავიმარჯვებდით, აჯანყებულები მოსკოვს არ აიღებდნენ".

მისი თქმით, პრიგოჟინის ჯანყი დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული.

23 ივნისს რუსეთის დაქირავებულმა კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერელების" ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა, რასაც პრიგოჟინის დაჯგუფების სამხედრო ამბოხი მოჰყვა. 23-24 ივნისს ვაგნერმა როსტოვისა და  ვორონეჟის სამხედრო ობიექტები დაიკავა და მოსკოვს მიუახლოვდა.

რუსეთში სამხედრო არეულობას 24 ივნისს ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 5 წუთიანი ვიდეომიმართვით გამოეხმაურა და თქვა, რომ ვინც იარაღი აღმართა თანამებრძოლების წინააღმდეგ, უღალატა რუსეთს - ისინი პასუხს აგებენ.

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობით მხარეებს შორის შეთანხმება დაიდო. პრიგოჟინი ბელარუსში გაემგზავრა, ამბოხის გამო მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება კი შეწყდა.