ევგენი პრიგოჟინმა 48-საათიანი დუმილი დაარღვია. მისი პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ თითქმის 10-წუთიან ხმოვან შეტყობინებაში პრიგოჟინი მის წამოწყებული "მარშის" მიზეზებზე და მიზნებზე საუბრობს.
პრიგოჟინის თქმით, მის ინიციირებული პროცესის მიზანი არ ყოფილა სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდება, არამედ პროტესტის დემონსტრირება. ვაგნერის დამფუძნებლის თქმით, მოსკოვზე სვლა სისხლის ღვრის თავიდან არიდების მიზნით შეაჩერა.
პრიგოჟინი ამბობს, რომ ვაგნერი გააგრძელებს არსებობას ოღონდ ბელარუსში.
ვაგნერის დამფუძნებლის გამოსვლის მთავარი აქცენტები:
პრიგოჟინის თქმით, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში განვითარებული ინტრიგების შედეგად, ვაგნერს მიმდინარე წლის პირველ ივლისს არსებობა უნდა შეეწყვიტა;
პრიგოჟინი ამბობს, რომ სწორედ ეს იყო მათი პროტესტის მიზეზიც, ვინაიდან მებრძოლების უმეტესობამ თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი თქვა, ვაგნერი გეგმავდა სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება სამინისტროსთვის როსტოვის ცენტრალურ მოედანზე გადაეცა;
პრიგოჟინი ამბობს, რომ იმ დროს როდესაც "ვაგნერელები" ბანაკებიდან მშვიდობიანად გამოდიოდნენ, რუსეთის საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა მიიტანეს სარაკეტო დარტყმა რის შედეგადაც 30 "ვაგნერელი" დაიღუპა;
პრიგოჟინის თქმით, სწორედ ეს გახდა მოსკოვზე მარშის 'ტრიგერი', რომლის მიზანიც არა ძალაუფლების ხელში ჩაგდება, არამედ ვაგნერის გადარჩენა და პასუხისმგებელი პირების დასჯა იყო;
ვაგნერის დამფუძნებელი ამბობს, რომ არასრულ 24 საათში მისმა დანაყოფებმა მოსკოვის გზაზე 780 კილომეტრი გაიარეს და მხოლოდ მას შემდეგ შეჩერდნენ რაც მიხვდნენ, რომ დიდი სისხლის ღვრა მოხდებოდა;
პრიგოჟინის თქმით, სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში ვითარების დარეგულირებაში ჩაერთო ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელმაც "დახმარების ხელი გაუწოდა." პრიგოჟინი ამბობს, რომ ვაგნერი საქმიანობას ბელარუსში გააგრძელებს;
"სამართლიანობის მარშმა გამოააშკარავა ბევრი პრობლემა, რომელზედაც ჩვენ ადრე ვსაუბრობდით: უსაფრთხოების მძიმე პრობლემები ქვეყნის ტერიტორიაზე, 24 საათში ჩვენ დავბლოკეთ ყველა სამხედრო ნაწილი და აეროდრომი ჩვენს გზაზე. ამ დროის განმავლობაში ჩვენ გავიარეთ მანძილი 24 თებერვალს რუსეთის ჯარების დისლოკაციის წერტილიდან კიევამდე და ამავე წერტილიდან უჟგოროდამდე",- ამბობს პრიგოჟინი;
პრიგოჟინის თქმით, გასული წლის 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ ვაგნერის დანაყოფებს, რომ ემოქმედათ "სპეცოპერაცია 24 საათში დასრულდებოდა."