ევროკავშირის ლიდერები ვერ შეთანხმდნენ ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობების კანდიდატებზე, კერძოდ ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვადით არჩევაზე. ამის შესახებ Politico წერს.
როგორც გამოცემას სამმა წყარომ განუცხადა, ევროკავშირის ლიდერებმა ორშაბათ საღამოს არ დაუჭირეს მხარი ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ერთი ვადით, მიუხედავად საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის დაპირებებისა, რომ ისინი ახლოს იყვნენ შეთანხმებასთან.
„უმაღლეს თანამდებობებზე შეთანხმების დიდი იმედები დაიმსხვრა, როდესაც სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურები კამათობდნენ საკადრო დანიშვნების შესახებ“, - წერს გამოცემა.
”დღეს შეთანხმება არ არსებობს”, - განუცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ჟურნალისტებს ორშაბათს არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ლიდერები დისკუსიებს მოგვიანებით გააგრძელებენ 27-28 ივნისის სამიტზე. მოსალოდნელია, რომ სამიტის შემდეგ შედეგები გამოცხადდება და ურსულა ფონ დერ ლაიენი, სავარაუდოდ, მეორედ უხელმძღვანელებს ევროკომისიას.