25 ივნისს ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს, – იუწყება POLITICO დიპლომატებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, "ისევე, როგორც დეკემბერში, ახლაც უკრაინის მისწრაფების გახდეს ბლოკის წევრი, მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი უნგრეთია":

"ის ეწინააღმდეგება კიევის წინადადებას, რადგან, სხვა მიზეზებთან ერთად, აცხადებს, რომ კიევს აქვს გადაუჭრელი საკითხები უკრაინაში უნგრელ უმცირესობებთან დაკავშირებით".

როგორც დიპლომატებმა გამოცემას განუცხადეს, "უკრაინა ჩართული იყო ინტენსიურ ორმხრივ დისკუსიებში ბუდაპეშტთან იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც 11-პუნქტიან დოკუმენტშია ასახული":

"უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის საუბრის შემდეგ, კიევმა შესთავაზა ბუდაპეშტს ყველა პუნქტის გამოსასწორებელი გზები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კიევს სურს, აჩვენოს, რომ ყველაფერი გააკეთა უნგრეთის დასაკმაყოფილებლად".

გამოცემის ცნობით, "კიდევ ერთი დაბრკოლება შესაძლოა, იყოს ნიდერლანდები, რომლის ახალი მმართველი კოალიცია ეწინააღმდეგება გაფართოებას". თუმცა POLITICO იუწყება, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ფაქტორია დროა.

"მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდებში პარტიებმა უკვე მოაწერეს ხელი მმართველობაზე შეთანხმებას, რაც არჩევნებიდან ექვს თვეზე მეტი ხნის შემდეგ მოხდა, მათ ჯერ კიდევ არ ჰყავთ პრემიერ–მინისტრი. კოალიციურ მოლაპარაკებებზე ინფორმირებული პირის თქმით, ახალი მთავრობა შესაძლოა, 25 ივნისამდე არ შედგეს", – იტყობინება POLITICO.