პოლონეთის სახელმწიფო საარჩევნო კომისიამ, ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების ხმების 99,78%-ის დათვლის შემდეგ გამოაცხადა, რომ ამ ეტაპზე ლიდერობს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ანჯეი დუდა. 
როგორც პრესკონფერენციაზე ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა სილვესტრ მარჩინიაკმა განაცხადა, დუდამ ხმების 43,67% მოიპოვა, ხოლო მისმა კონკურენტმა, მსხვილი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა, ვარშავის მერმა რაფალ ტშასკოვსკიმ - 30,34%. მესამე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი, ჟურნალისტი შიმონ ხოლოვნია, რომელმაც ხმების 13,85% მიიღო. დანარჩენმა რვა კანდიდატმა კი ვერ მოახერხა ორნიშნა მაჩვენებლის დაგროვება. მარჩინიაკის თქმით, აქტივობის მხრივ დამყარებულია რეკორდი. პირველადი მონაცემების თანახმად, აქტივობამ 64,4% შეადგინა. იმის გათვალისწინებით, რომ უკვე პირველივე ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა გამარჯვებისთვის საკმარისი ხმების რაოდენობა, ორი პრეტენდენტი, რომლებსაც ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა აქვთ, მეორე ტურში გააგრძელებენ ბრძოლას. მეორე ტური კი 12 ივლისს არის დაგეგმილი. არჩევნების საბოლოო ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებას, ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია 1 ივლისამდე აპირებს. მარჩინიაკი არ გამორიცხავს, რომ ოფიციალური მონაცემები შესაძლოა უკვე დღეს გამოცხადდეს.