საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს აგვისტოში ინფლაციის დონის შესახებ გამოაქვეყნა მონაცემები.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.3%, წლიური ინფლაციის დონემ 4.6%, ხოლო საშუალო ინფლაციის დონემ (12 თვის საშუალო წინა 12 თვის საშუალოსთან, პროცენტული ცვლილება) 2,6% შეადგინა.
სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონის თანახმად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა (ინდექსაცია) ხდება ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის კი ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პარლამენტში ინიციირება ოქტომბრის ბოლოსთვის ხდება და მასში მომავალი წლის პენსიის მოცულობა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოანგარიშებულ
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 31 ივლისს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო ექვსი კვარტალის მშპ-ს* რეალური ზრდის მაჩვენებლის საშუალო არითმეტიკულის 80% შეადგენს 7,2%-ს, 2026 წლის პენსიის ოდენობის გათვლისთვის საჭირო საშუალო წლიური ინფლაციის საბოლოო სიდიდე 3 ოქტომბერს გახდება ცნობილი.
ამ დროისთვის არსებული მონაცემების თანახმად, 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის სექტემბრამდე თვეების მიხედვით ინფლაციის ჯამური სიდიდე 31,2%-ია. სექტემბერში ინფლაციის 3,6%-ის დონეზე დაფიქსირების შემთხვევაში 12 თვის საშუალო წლიური ინფლაცია 2,9% გახდება და, შესაბამისად, პენსიის 10,1%-ით გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 70 წელს ზემოთ ასაკის პირების პენსია 2026 წლის 1 იანვრიდან გახდება 500 ლარი. საშუალო წლიური ინფლაციის უფრო დაბალ დონეზე დაფიქსირების შემთხვევაში 70 წელს ზემოთ ასაკის პირების პენსია 45 ლარით მოიამატებს და 495 ლარი გახდება
70 წლამდე ასაკის პირთა პენსია, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ვერ შეძლებს 2025 წლის ბიუჯეტის წარდგენისას გაცემული დაპირების შესრულებას, იმის შესახებ, რომ „მომავალი წლების განმავლობაში დაგეგმილია ინდექსაციის მიღმა, ეკონომიკური ზრდის შესაბამისად, პენსიის დამატებით გაზრდა და საპენსიო სისტემაში ინოვაციური მიდგომების დანერგვა, რათა სოციალურმა სისტემამ უფრო ეფექტიანად უპასუხოს სოციალურ გამოწვევებს“, მხოლოდ კანონით დადგენილი მინიმალური ოდენობით, ანუ 20 ლარით გაიზრდება და 370 ლარი გახდება.
შევნიშნავთ, რომ საქართველოში პენსიის ჩანაცვლების კოეფიციენტი (ნომინალური პენსიის ფარდობა საშუალო ხელფასთან) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, ხოლო ევროპის ქვეყნებში არსებულს ძლიერ ჩამორჩება, რაც, ცხადია, არაა გასაკვირი, თუმცა აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ევროკავშირში და რომელთა ეკონომიკური ზრდის ტემპები საქართველოსას ჩამორჩება, პენსიის ზრდის %-ული მაჩვენებელი უფრო მაღალია. ასე მაგალითად, სერბეთის ხელისუფლება წლის ბოლოდან პენსიის 7-8%-ით ანუ „დიდად ზრდას“ ჰპირდებოდა მოსახლეობას, ხუთი დღის წინ გაკეთებული განცხადების თანახმად კი პენსია 1 დეკემბრიდან 12%-ით გაიზრდება. იმავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2027 წლის ბოლოსთვის პენსია 650 ევრო გახდება.
** მშპ-ს რეალური ზრდის მონაცემები:
I კვარტალი, 2024წ - 8,7%
II კვარტალი, 2024წ - 9,7%
III კვარტალი, 2024წ - 11,0%
IV კვარტალი, 2024წ - 8,3%
I კვარტალი, 2025წ - 9,3%
II კვარტალი, 2025წ - 7,1%
მშპ-ს რეალური ზრდის ექვსი კვარტალის საშუალოს 80% - 7,2%
* ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლის ცვალებადობა:
ოქტომბერი, 2024წ - 0,9%
ნოემბერი, 2024წ - 1,0%
დეკემბერი, 2024წ - 1,0%
იანვარი, 2025წ - 1,3%
თებერვალი, 2025წ - 1,5%
მარტი, 2025წ - 1,7%
აპრილი, 2025წ - 1,9%
მაისი, 2025წ - 2,0%
ივნისი, 2025წ - 2,1%
ივლისი, 2025წ - 2,3%
აგვისტო, 2025წ - 2,6%
სექტემბერი, 2025წ - ?