წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს შეხვდნენ და მათ ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს.
ღონისძიებას ტრადიციულად ესწრებოდნენ სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეთა მშობლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
„დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან ვაჯილდოვებთ იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც თავიანთი შრომითა და მონდომებით წარმატებებს მიაღწიეს. განათლებულ, მოტივირებულ და მიზანდასახულ ახალგაზრდებს შეუძლიათ ქვეყნის განვითარებაში გადამწყვეტი როლის შესრულება. დიდი მადლობა პედაგოგებს, რომლებმაც საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გადასცეს მოსწავლეებს და მშობლებს, რომელთა ყოველდღიური ძალისხმევის გარეშეც ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა. როგორც მუნიციპალიტეტის მერი, ყოველთვის მზად ვარ მხარი დავუჭირო ახალ ინიციატივებსა და იდეებს. დარწმუნებული ვარ, თქვენ შორის არიან ახალგაზრდები, რომლებიც იმუშავებენ პროექტებზე, რომელთა განხორციელება სასიკეთოდ წაადგება როგორც წყალტუბოს, ისე მთლიანად ჩვენს ქვეყანას. ამიტომ მოგიწოდებთ, იყოთ აქტიურები, შემოიტანოთ ახალი იდეები და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის განვითარებაზე. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაგრძელდება ჩემი ინიციატივით დაწყებული გრანტის მფლობელ სტუდენტებზე სტიპენდიების გაცემის პროგრამა. გარდა ამისა, მომავალშიც დაფინანსდება ახალგაზრდული ღონისძიებები და აქტივობები, რათა თქვენ გქონდეთ მეტი შესაძლებლობა, საკუთარი უნარები რეალურად გამოიყენოთ“ – განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
2023–2024 სასწავლო წლის შედეგებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 27 მოსწავლემ ოქროს, ხოლო 11 მოსწავლემ ვერცხლის მედალი მიიღო.