გუშინ, ლიბანში, ადგილობრივი დროით 15:30 საათზე, თითქმის ერთდროულად აფეთქდა ათასობით პორტატული რადიო (პეიჯერი).  ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 2 750 დაშავდა, მათგან თითქმის 200 მძიმედ.


საავადმყოფოებში განაცხადეს, რომ ადამიანებს დაზიანებები, ძირითადად, თვალის, ხელებისა და მუცლის არეში აქვთ მიყენებული. პეიჯერები მფლობელებს ხელში ეკავათ ან ჰქონდათ, როცა ისინი გაცხელდნენ და აფეთქდნენ. ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანან ადამიანები დასისხლიანებული ხელებით და ტანსაცმლით. აფეთქებები დაფიქსირდა მთელ ქვეყანაში, უმეტესწილად კი ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლას" მილიციის მიერ კონტროლირებად ადგილებში. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა და დაჭრილთაგან ბევრი ჰეზბოლას წევრია. ამავდროულად, აფეთქებებით დაზარალდნენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც - დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია. ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ არის, არიან თუ არა მსხვერპლთა შორის „ჰეზბოლას" ხელმძღვანელობის წევრები. ცნობილია, რომ ლიბანში ისრაელის ელჩმა აფეთქების შედეგად თვალი დაკარგა. დაღუპულებს შორის არიან „ჰეზბოლას" დეპუტატის ვაჟი და ტერორისტული ჯგუფის წევრის 10 წლის ქალიშვილი.



პეიჯერები მოკლე შეტყობინებების მისაღები საკომუნიკაციო საშუალებაა. ის ფართოდ იყო გავრცელებული მანამ, სანამ მობილური ტელეფონი საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდებოდა. მობილური ტელეფონისგან განსხვავებთ, პეიჯერიდან მოცული შეტყობინებით არ დგინდება ადგილი, სადაც მათი მფლობელი იმყოფება და  ამის გამო პეიჯერები „ჰეზბოლასთვის" კვლავ რჩება ძალიან მნიშვნელოვან საკომუნიკაციო სისტემად. „ჰეზბოლას" ლიდერმა ჰასან ნასრალამ რამდენჯერმე გააფრთხილა თავისი მიმდევრები სმარტფონების გამოყენების დაუშვებლობის შესახებ. თებერვალში მან თავისი მილიციის წევრებს მოუწოდა გადაეგდოთ სმარტფონები.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია  და ჯერ კიდევ ვარაუდის საგანია, როგორ მოხდა პეიჯერებში ასაფეთქებელი ნივთიერების განთავსება. „ნიუ-იორკ ტაიმსის" ცნობით, პეიჯერებში ასაფეთქებელი ნივთიერება ისრაელის საიდუმლო სამსახურმა განათავსა მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლამ" მწარმოებელთან კონტრაქტი დადო პეიჯერების მიწოდებაზე. დაახლოებით სამი გრამი ასაფეთქებელი ნივთიერება იმგვარდ განთავსდება პეიჯერის პლატაში, რომ მისი აღმოჩენა შეუძლებელი იყო,  აფეთექება კი იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ პეიჯერზე სპეციალური კოდი გაიგზავნებოდა. ვარაუდობენ, რომ  „ჰეზბოლას" უსაფრთხოების სამსახურმა წინა დღეებში რაღაც იეჭვა,  ისრაელის საიდუმლო სამსახურისთვის ცნობილი გახდა მათი  ეჭვების შესახებ და დაუყოვნებლივ მოქმედება გადაწყვიტა.

ტაივანური კომპანია Gold Apollo, რომლის ლოგოც აფეთქებულ პეიჯერებზე იყო, აცხადებს, რომ პეიჯერები არაა ტაივანში წარმოებული.  ჩვენ, ზოგჯერ სხვებს ვაძლევთ უფლებას გამოიყენოს ჩვენი ლოგო პროდუქციის გარკვეულ რეგიონში გაყიდვის დროს. ასეთ შემთხვევაში დიზაინი და წარმოება მთლიანად მათი პასუხისმგებლობაა.

Gold Apollo-ს ცნობით, პეიჯერები ბუდაპეშტში, კომპანია BAC-ის მიერ არის წარმოებული. ამასთან კომპანია აცხადებს, რომ BAC-ის მათთვის თანხების გადარიცხვას თან სდევდა უცნაურობები. კერძოდ, თანხები მათთან ახლო აღმოსავლეთის გავლით მიდიოდა. 

ისრაელს აფეთქებებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. თუმცა, ისრაელი, როგორც წესი, საჯარო კომენტარს არ აკეთებს თავისი სადაზვერვო სამსახურების ქმედებებზე.