ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.

როგორც კლინიკის სასწრაფო დახმარების განყოფილების უფროსმა, ჯუმბერ ბოლქვაძემ  განუცხადა,  გიორგი გახარიას სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა და საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა.

„მოქალაქე მოიყვანეს 02:34 წუთზე, სახის არეში ჰქონდა დაზიანებები. მისი გადმოცემით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩაუტარდა კვლევები, მდგომარეობა იყო საშუალო სირთულის და გაეწერა კლინიკიდან. საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა. კონტაქტური და ადეკვატური იყო. ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა, მაგრამ საოპერაციო, მძიმე შემთხვევა არ იყო“, – განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ.

 თავდასხმას პარტიის წევრი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.