ბათუმში საპროტესტო აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, დაკავებულია ათამდე პირი, მათ შორის, აქციების ყველაზე აქტიური მონაწილეები – ციალა ქათამიძე, ვაჟა დარჩია, სტუდენტი მათე ცენტერაძე და სხვები.
დაკავებების სერია საპროტესტო მსვლელობის დროს დაიწყო, როცა ერთ-ერთი მონაწილე თამთა აბულაძე დააკავეს. აქციის მონაწილეთა თქმით, თამთა აბულაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან პოლიციელს ტანსაცმელზე სტიკერი მიაკრა წარწერით – „გაიფიცე“.
პირველი დაკავების შემდეგ აქციის მონაწილეებმა პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლეს დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით, სადაც სხვა პირებიც დააკავეს, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ასფალტზე სტიკერების გაკვრისა და შეკითხვების გამო.
ამასთან, მოგვიანებით, სამმართველოსთან მიმდინარე აქციაზე ინტერნეტგამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი დააკავეს. დაკავება მას შემდეგ მოხდა, როცა მან სტიკერის გაკვრა სცადა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სამმართველოში უკვე შეუშვეს ერთი ადვოკატი და სახალხო დამცველის წარმომადგენელი.